ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული ტელეკომპანია პირველის სტუდიაში პროკურატურასთან შეუთანხმებლად მივიდა. მელია პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აძლევდა დიანა ტრაპაიძეს.

"მე აქ ისე მოვედი, რომ პროკურატურა საქმის კურსში არ ჩამიყენებია და აღარც ჩავაყენებ... მე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შევხვდები ხვალ დღის სამ საათზე და გლდანის მოსახლეობას, ზეგ კასპში ჩავალ და იქ მივიღებ მონაწილეობას რომელიმე ცალკე აღებულ ღონისძიებაში, ეს არის ჩემი სუვერენული უფლება, კონსტიტუციური. მე თადუმაძეს ამას არ შევუთანხმებ", — განაცხადა მან.

მელია დღეს თავისივე სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა, საიდანაც მოსამართლემ გააძევა. უწყების განმარტებით, მელიას სასამართლოში მისასვლელად ნებართვა არ სჭირდებოდა, სასამართლოდან გაძევების შემდეგ კი ის ტელეკომპანიაში შეუთანხმებლად წავიდა. მათი განცხადებით, საკითხს შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

დეპუტატმა ეს შეზღუდვა 10 სექტემბერსაც დაარღვია, როდესაც საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი დატოვა და ტელეკომპანია კავკასიაში წავიდა. მაშინ უწყებამ მას განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ, შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სახლიდან გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება. მას ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.