დეპუტატი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსი უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, ისინი ამხელა ნდობას "არ იმსახურებენ".

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ. წინა კანდიდატებთან მოსმენას პატრიოტთა ალიანსის წევრები არ ესწრებოდნენ. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.

"ყველა კანდიდატი, რომელიც გამოდის კომიტეტზე, ერიდება შეაფასოს წინა ხელისუფლების მმართველობა. მე თქვენც მოგმართავთ, ბატონო ზაზა, და ვციტირებ თქვენს სიტყვებს, რომ დემოკრატიის კუთხით იყო პრობლემები და შეცდომებიო. შეცდომები და პრობლემები ყოფილა მთელი ის ძალადობა, რაც ხდებოდა მაშინ, როცა თქვენ იყავით [ზურაბ] ადეიშვილის მოადგილე", — აღნიშნა ინაშვილმა.

დეპუტატის თქმით, აუცილებელია, რომ მოსამართლეობის ყველა კანდიდატმა დააფიქსიროს, რა ტიპის მმართველობა იყო წინა ხელისუფლების დროს:

"თქვენ თუ ამას ვერ აკეთებთ, იქ [სასამართლოში] ადამიანის სხვა უფლებებს როგორ დაიცავთ? რა განაჩენებს გამოიტანთ? რატომ უნდა გენდოთ საზოგადოება?".

გარდა ამისა, ირმა ინაშვილმა ისაუბრა კანდიდატების განათლებაზე და აღნიშნა, რომ დიპლომების საკითხის "დიდ უხერხულობაში" გადაიზარდა.

"ყველას მინდა ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოეკიდოს საკუთარი განათლების საკითხს. და იმ სტანდარტით წარსდგნენ მართლმსაჯულების სისტემაში, რა სტანდარტიც გვაქვს ამ ქვეყანაში", — აღნიშნა ინაშვილმა.

დღეს, 10 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს. დღეს დეპუტატების წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე წარსდგა.

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. 2010 წლიდან იგი ამავე სასამართლოს მოსამართლე იყო. 2008-2010 წლებში კი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ომბუდსმენის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის, მათ შორის ზაზა თავაძის განათლების ხარისხი სათანადოდ არ დასტურდება. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას.