დღეს, 10 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს.

"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს", — ასე მიმართა დეპუტატმა მოსამართლე გიორგი კერატიშვილს. მანამდე მელიამ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა დააყენა.

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ განიხილა, რასაც შელაპარაკება მოყვა.

მელიას განცხადებით, მოსამართლემ განგებ არ განიხილა დროზე მათი თხოვნა, რადგან მასთან ერთად მყოფი სხვა თანაპარტიელი დეპუტატები ვერ დასწრებოდნენ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენას:

"ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ სინამდვილეში, შიგნით აცვია ქართული ოცნების მაისური. ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციოში და უზენაესში... მიუხედავად თხოვნისა, მიუხედავად შუამდგომლობისა, სამაჯურის მოხსნა-არმოხსნის საკითხი განეხილა დროზე, მან შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და შესაბამისად, იგი ცდილობდა ჩვენი [ნაციონალური მოძრაობის] დეპუტატები ვერ მოხვედრილიყვნენ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე".

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სახლიდან გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება. მას ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.