დღეს, 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რუსთავში კაცის მკვლელობის საქმეში პოლიციელების მონაწილეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 ათას ადამიანს, ათასობით პოლიციელს.

"ეს არის მძიმედ აღსაქმელი, მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი", — თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ შეურიგდებიან.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მათი მიდგომა "დაუნდობელი" იქნება:

"როდესაც [პოლიციელი] კოლეგისა და სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი".

7 ოქტომბერს რუსთავში 35 წლის კაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორი შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ერთი ყოფილი სამართალდამცველია.