დღეს, 9 ოქტომბრის საპარლამენტო მოსმენის ბოლოს უზენაესი სასამართლოს მოესმართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის კითხვებს არ უპასუხა.

"შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი, რადგან არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე", — უთხრა თადუმაძემ მშვენიერაძეს კითხვის დასმამდე.

გენერალურმა პროკურორმა თავის გამოსვლაში განმარტა, რომ მისთვის გიორგი მშვენიერაძე არ არის ის ადამიანი, ვისაც მისი კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმება შეუძლია:

"ის, რაც კოალიცია მართლმსაჯულებისთვის გააკეთა, ვფიქრობ, პოლიტიკური იყო. ის კითხვის ნიშნები გაჩნდა, რაც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მითუფრო ჩემს განათლებაზე. თქვენ კანონები არ წაიკითხეთ ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არაკვალიფიციურები ხართ. თუ ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, მაგრამ დამალეთ და ის კომენტარები გააკეთეთ კოალიციის წევრებმა, რაც თქვით ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია. პარლამენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ლეგიტიმაცია".

შალვა თადუმაძის განცხადების მიუხედავად გიორგი მშვენიერაძემ კითხვები სხდომაზე მაინც გააჟღერა:

"ჩემი კითხვა იქნებოდა თქვენი თანამშრომლები იმყოფებიან თუ არა აქ და თუკი არიან რა ფუნქციით? ხომ არ არის ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მაშინ, როცა თქვენ არა როგორც პროკურორი, არამედ, როგორც კანდიდატი ხართ მოსული. იზიარებთ თუ არა პრინციპს, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო? ხომ ვერ დაგვისახელებდით მოქმედ, ან ახლო წარსულში მოქმედ მოსამართლეს, რომელთანაც აიგივებთ ან მაქსიმალურად სიახლოვეს გრძნობთ თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე".

მოგვიანებით, გიორგი მშვენიერაძემ TV პირველზე ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე მიზეზსს ეძებდა, რომ არ ეპასუხა კოალიციის შეკითხვებისთვის:

"მას, ალბათ, ახსოვს ის გამოცდილება, რაც მის მოადგილეს ჰქონდა, ბატონ მამუკა ვასაძეს, რომელმაც ელემენტარული სამართლებრივი საკითხები ვერ დაძლია".