მაკო გომური, გოგო, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, მის მიმართ დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებას ეხმაურება. იგი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ სტატუსისთის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვიდეო, სადაც ჩანს რომ ხვდება ტყვია, ვიდეო, სადაც ის სასწრაფოს მანქანაშია, სამედიცინო ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა.

"ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა [თადუმაძე]. ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა, ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესაა შეუძლებელი), ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში, არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი, რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით. შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ".

მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 20 ივნისის აქციის დაშლიდან, თითქმის, ოთხი თვის თავზეც არ მიანიჭა. აქციის დაშლისას ორივე მათგანმა თვალი დაკარგა.

დღეს, 9 ოქტომბრის საპარლამენტო მოსმენისას მთავარმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლეობის მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 20 ივნისს ფიზიკურად დაზარალებულებს შესაბამისი სტანდარტის არარსებობის გამო არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი.

"გამოსაძიებელია, დანაშაულის ჩამდენისგან მიადგა თუ არა ზიანი", — თქვა მთავარმა პროკურორმა მათზე, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსს განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ მიანიჭებენ.

პროკურატურის განცხადებით, პირების მიმართ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. მათივე თქმით, თითოეულ ამ პირის მიმართ გამოძიება სწავლობს გამოიყენეს თუ არა უკანონოდ სპეციალური საშუალებები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მათ შორის დაზარალებულად ცნობილი არაა, მაკო გომური და გიორგი სულუაშვილი. ორივე მათგანმა აქციის დაშლისას თვალი დაკარგა

მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.