გუშინ, 8 ოქტომბერს, ძაღლი, სახელად კარაკულა დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქზე დაიდო.

"ჩვენი კარაკულა დაიკარგა. დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გაბოდიალდა ზოოპარკიდან და უკან აღარ დაბრუნებულა", — წერდნენ პოსტში, რომელსაც დაკარგული ცხოველის ფოტოც ერთვოდა.

ზოოპარკის თანამშრომლებმა დახმარების მსურველი მოქალაქეებისთვის ძაღლიც აღწერეს და გაირკვა, რომ ყველა გაჭაღარავებულ პუდელს ეძებდა, რომელიც ცოტა ცანცარა არის და ქალაქში ორიენტირებაც უჭირს.

საბენდიეროდ, ამ ამბის ბედნიერად დასრულებას დიდი დრო არ დასჭირვებია და დღეს, 9 ოქტომბერს კარაკულა იუსტიციის სახლთან, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც დაკარგული ძაღლი შეიფარა, შემდეგ კი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურშიც დარეკა.

"წავედით და დავრწმუნდით რა, რომ ნამდვილად ჩვენი ცანცარა გოგო იყო, წამოვაბრძანეთ სახლში. ცხადია, დიდი ზარ-ზეიმით", — წერენ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქზე.

ვინც არ იცით კი გეტყვით, რომ კარაკულა სწორედ თბილისის ზოოპარკში, ჯერ კიდევ 13 ივნისის ტრაგედიამდე ლომის ბოკვერთან ერთად იზრდებოდა.

ის იქ ძალიან უყვართ, რადგან იმ ტრაგიკული დღის ერთგვარ სიმბოლოდაა ქცეული, რომელიც სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად, თანამშრომლებს ზოოპარკში მუშაობის მოტივაციას აძლევს.