თანამშრომლის მხრიდან სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ "შოკისმომგვრელი იყო" მისთვის ბრალის წაყენება და არ მოელოდა:

"სიმართლე გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ".

ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძის განცხადებას სექსუალურ ძალადობაზე "ცრუ ბრალდებას" უწოდებს.

სექსუალური ძალადობის საქმე

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.

თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.

თოდაძის თქმთ, ჯიშკარიანმა მასზე 30 სექტემბერს იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ამის მიზეზად პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ასახელებდა.

6 ოქტომბერს თოდაძემ მთავარი არხის ეთერში მომხდარზე ღიად ისაუბრა, მეორე დღეს კი პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიამართა. 8 ოქტომბერს მისმა უფლებადამცველმა პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად ისევ მიმართა, საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა და ქალი დაზარალებულად ცნო.