მსოფლიოში ცნობილი თინეიჯერი გრეტა თუნბერგი კლიმატის ცვლილებების აქტივისტია. გაეროში მის ემოციურ სიტყვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა — სხვადასხვა დროს, გრეტას გამონათქვამებს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი და სხვები გამოეხმაურნენ.

სულ ახლახანს კი გაირკვა, რომ 16 წლის აქტივისტს არანაკლებად ცნობილი დედა ჰყოლია, რომელიც შვედეთში ნამდვილი პოპვარსკვლავია. ის ევროპის ცნობილ საოპერო დარბაზებში მღერის და 2009 წელს საკუთარ ქვეყანას ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზეც კი წარადგენდა.

48 წლის მალენა ერმანი პროფესიით ოპერის პროფესიონალი მომღერალია, რომელიც თავისი ცნობადობით მოგვიანებით საკუთარი შვილის წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც კი გახდა.

"ეს არის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე იმისა, რომ ცნობილი დედა გყავს. კარგად ვიცი, როგორ მუშაობს მედია", — ამბობდა გრეტა The New York Times-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაზე გრეტა თუნბერგმა კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო ლიდერების მხრიდან უყურადღებობაზე ისაუბრა.

"ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი. თქვენი ფუჭი საუბრით მომავალი და ბავშვობა წამართვით. მასობრივი გადაშენება იწყება, მაგრამ ერთადერთი რაზეც საუბრობთ, ფული და ზღაპრებია უსასრულო ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!" — აღნიშნა თუნბერგმა ემოციური გამოსვლისას.