თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, შეძენილი 220 ერთეული ავტობუსდან 60 ერთეული უკვე თბილისშია და ისინი ხვალიდან მოემსახურებიან მოსახლეობას.

"ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი, ასეთი, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და გვინდა, რომ მთლიანდ განვაახლოთ მეტროსადგურები, შევიძინოთ ახალი შემადგენლობები და იმ ძველი შემადგენლობების რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რომელიც ამას ექვემდებარება", — თქვა თბილისის მერმა ავტობუსების პრეზენტაციაზე.

პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარია. ISUZU-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და ადაპტირებულია. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსში განთავსებულია wifi მოდემი. უწყების განცხადებით, ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება:

  • #34 — წყნეთი - სადგურის მოედანი;
  • #28 — სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული;
  • #42 — იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული;
  • #56 — ორხევი - მეტროსადგური ისანი – 5 ერთეული;
  • #66 — სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული;
  • #78 — სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული;
  • #108 — სოფელი გლდანი - მეტროსადგური ახმეტელის თეატრი – 4 ერთეული.