პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით გიორგი გახარია აზერბაიჯანს ეწვია. მისი თქმით, ამ ვიზიტით მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად და მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები.

"საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად", — განაცხადა გახარიამ.

ალიევმა კი აღნიშნა, რომ ხალხთაშორის ურთიერთობები დიდ როლს ასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში.

"ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია", — განაცხადა ალიევმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

ალიევმა გახარიას ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.