დღეს 9 ოქტომბრის საპარლამენტო მოსმენაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მისი კარიერული მიღწევების მიზეზებზე ჰკითხა.

პარლამენტის წევრმა კითხვის დასმისას ზევსისა და თემიდას მაგალითი მოიყვანა, "გახდებოდა თუ არა თემიდა სამართლიანობის ღმერთი, ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო"?, ამაზე თადუმაძემ ირონიულად უპასუხა და უთხრა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ის "ღვთის ნებას"?

რომან გოცირიძე: რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?

შალვა თადუმაძე: არ ვიცი, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ის აღიარა ღმერთად.

რომან გოცირიძე: რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს?

შალვა თადუმაძე: მითოლოგიაში არ ვარ ძლიერი, ბატონო რომან.

რომან გოცირიძე: გამარჯვების ქალღმერთს ერქვა ნიკე. თემიდა და ნიკე იყვნენ თუ არა დები?... კარგი, სასაცილოდ მიგაჩნიათ... ვისი ღმერთის ცოლი იყო თემიდა?... გასაგებია, არ პასუხობთ. თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის, ზევსის ცოლი და იგი ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი დანიშნავდა მას იუსტიციის მინისტრად? თქვენ რომ ქართუ ბანკის იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი ან უზენაესი სასამართლოს წევრი? ღმერთი მეუბნება, რომ 100-პროცენტიანი ალბათობით თქვენ გახდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

შალვა თადუმაძე: ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით, ბატონო რომან?