პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ჩატარება არაერთ რისკთან იყო დაკავშირებული და მათი ნაწილი წარმატებით მოაგვარეს. ის ამბობს, რომ ასამბლეის სამდივნომ მათ შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტს რუსი კომუნისტი დეპუტატი და ამ ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი დაეჯილდოებინა.

მისი თქმით, ეს "რისკი" იმით "გაანეიტრალეს", რომ ზურაბიშვილს სთხოვეს ასამბლეის გახსნაში მონაწილეობა არ მიეღო.

"შემოგვთავაზეს გავრილოვის დაჯილდოება გარკვეული მედლით, ორდენით და ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს. დავინახეთ რისკი და აშკარად იყო ამ ყველაფერში რისკი. სწორედ ამ მიზეზით ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ მონაწილეობა არ მიეღო ასამბლეის გახსნაში, რაც მთლიანად ანეიტრალებდა ამ პრობლემას. ეს იყო პირველი რისკი, რაც დაკავშირებული იყო სამდივნოს მიერ შემოთავაზებულ იდეებთან", — განაცხადა მან ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მისივე თქმით, რისკი იყო ისიც, რომ სამდივნოს სურდა ასამბლეის გახსნაზე ორი ქვეყნის, რუსეთისა და საქართველოა პატრიარქების მიმართვები წარედგინათ.

"მასპინძელ ქვეყანასთან ერთად მხოლოდ ერთი ქვეყნის პარიარქის მიმართვა უნდა ყოფილიყო წარდგენილი. შესბამისად, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ იმისათვის, რომ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სიტყვები მოგვეპოვებინა და წარგვედგინა ასამბლეაზე", — განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ეს რისკები პირველ დღეს, 19 სექტემბერსვე გაანეიტრალეს და "მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჰქონდათ [ოპოზიციას] გეგმები დამუშავებული, ვერ მოახერხეს ვერაფრის დაპირისპირება". ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციას არეულობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამის არგუმენტად ასახელებს ტრანსპარანტებს, რომელიც აქციის მონაწილეებმა მალევე მიიტანეს პარლამენტთან.

გარდა ამისა, კობახიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებამ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სპიკერის სკამს, რომელშიც გავრილოვი იჯდა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი პირველი და ბოლო შემთხვევაა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც სპიკერის სკამი საკრალურ ნივთად იქცა.

20 ივნისის აქცია

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს პარლამენტთან და სასტუმროსთან, სადაც ასამბლეის წევრები გადაიყვანეს. დღის ბოლოს ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.