"ეს იყო პირველი დღის ეფექტი, როგორც ხდება ხოლმე. ალბათ, ამას წლები დასჭირდება, რომ როდესაც რაღაც კეთდება, არ ვეცადოთ ყველამ ეს საჩვენოდ გამოვიყენოთ, ისევ ადამიანების წინააღმდეგ", — ასე პასუხობს ქალაქის მერი კახა კალაძე ტაქსის ტარიფის გაძვირების მიზეზებზე დასმულ კითხვას. ამის შესახებ მან გადაცემა რეაქციის ეთერში ისაუბრა.

კალაძე ამბობს, რომ ტარიფები დარეგულირდება და ამის მაგალითად ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროინდელი გამოცდილება მოჰყავს, როდესაც აჭარაში დაზიანების გამო შუქი გაითიშა და სანთლის ფასი გაიზარდა.

"3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ გაზრდილი იყო სანთლის ფასი. ხომ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იყო. იგივე მოხდა ტაქსებთან მიმართებაში. პირველ დღეს, A კატეგორიაში იყო დარეგისტრირებული 2 000-მდე ტაქსის მძღოლი. დღეის მდგომარეობით არის 7 500. ამაზე ვერ გავჩერდებით იმიტომ, რომ ყოვლდღიურად იცვლება ეს ციფრები. არა, რა თქმა უნდა, არ გაძვირდება. ეს დაბალანსდება", — განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით კომპანია BOLT-ს განმარტება მოსთხოვეს, რომელმაც მერიას სტატისტიკა წარუდგინა.

"აჩვენეს, რომ იყო გაძვირება, როდესაც შემცირდა ტაქსები უცებ პირველ დღეს ბაზარზე და მათი ტაქსების მიმართ იყო დიდი მოთხოვნა. აპლიკაცია თვითონ არეგულირებს, წერს [ფასსს]. მაგრამ ეს მხოლოდ ამ რეფორმის დღეს არა, ზოგადად როცა არის დიდი მოთხოვნა მაშინ ხდება ხოლმე [ფასის ზრდა]", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, მერი ამბობს, რომ არ სჯერა ადამიანთა იმ ნაწილის, ვინც სოციალურ ქსელში წერს, რომ თეთრი ტაქსი იმაზე გაცილებით მეტს სთხოვს, ვიდრე აქამდე იხდიდა.

"ნუ, ეხლა ყველა კახა კალაძის ან ქართული ოცნების მხარდამჭერი ხომ არ არის ამ ქალაქში არა. არიან ადამიანები, ვისაც სხვა მოსაზრებები აქვს... ასეთ ადამიანებს ჩვენ ვაწყდებოდით სოციალურ ქსელში, რომლებიც ამბობდნენ, რომ თეთრი ტაქსი გააჩერეს და თუ რეფორმამდე იხდიდნენ 5 ლარს, ახლა გადაახდევინა 15. როგორ უნდა დაამტკიცო ეს? შეუძლებელია. ნუ, მე არ მჯერა, ახლა. მე მჯერა იმის, რომ პირველ დღეებში იყო ამის პრობლემა, მაგრამ ტენდენცია დარეგულირდება აუცილებლად", — განაცხადა მან.

პირველი ოქტომბრიდან თბილისის ქუჩებში მგზავრის აყვანა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა და რიგ შემთხვევებში გაიზარდა ტაქსის ღირებულებაც.

კახა კალაძის შემდეგ კომპანია Bolt-იც ირწმუნებოდა, რომ მათთან მგზავრობის ტარიფი მხოლოდ პირველ და ორ ოქტომბერს იყო გაზრდილი, მას შემდეგ კი წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა.