საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელსა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს მიმართავს. პატრიარქი დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს, რომ მომლოცველებმა, ტურისტებმა და სასულიერო პირებმა მონასტერში შესვლა შეძლონ.

ილია მეორე წერს, რომ გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები, რომელთა გამოც მომლოცველებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს უდაბნოსა და ჩიჩხუტურის მონასტრების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

"გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით", — აცხადებს პატრიარქი.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილი რუსულენოვანია. ამ წერილში იგივე არგუმენტებია განხილული, რაც საქართველოს მთავრობისთვის მიწერილში.

პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს სიტუაციას, მიიღებს სამართლიან გადწყვეტილებასდა ორ ერს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განმარტა, შეზღუდვები უსაფრთხოებისა და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.

14 ივლისს დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დარსალიას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა განათავსა. პარალელურად, გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც.

დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. აპრილში სამონასტრო კომპლექსთან გზა გადაკეტილი იყო ოთხი დღის განმავლობაში, თუმცა შემდგომში გაიხსნა. საზღვრის დადგენის საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომელშიც აზერბაიჯანული და ქართული მხარეების წარმომადგენლები შედიან.