მედიის განვითარების კვლევის მიხედვით, ხელისუფლებამ 2018 წელსაც დააფინანსა ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენასა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდით იყვნენ დაკავებულები. ანგარიში დღეს, 8 ნოქტომბერს გამოქვეყბდა.

"აღნიშნული მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს ადრეც იღებდა. მას შემდეგ რაც, რასიზმისა და შეუწყ­ნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, კომისიამ სახელმწიფოს რეკომენდაცია მისცა გადაეხედა იმ მედია საშუალებებთან არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენა­ში იყო შემჩნეული, გარკვეულ მედიებთან, მათ შორის ტვ ობიექტივი, გაზეთი ალია, ასეთმა თანამშრომლობამ იკლო, თუმცა როგორც 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა მედიებს არ შეხებია და ECRI-ის შესაბამისი რეკომენდაცია18 შესრულებული არ არის", — ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2018 წელს შვიდი ასეთი მედიასაშუალება გამოიკვეთა. მათ შორის ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაზეთ საქართველოს რესპუბლიკასთან (129 710) და ონლაინგამოცემა Newspress.ge, nsp-სთან (36 173) გაფორმდა.

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სიძულვილის ენისა და ანტიდასავლურ განწყობების მედიებს აფინანსებდნენ: გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ.