20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა.

"მანამდე არ იყო წარმოდგენილი განახლებული ინფორმაცია ბრალდებულის ჯანმრთელობაზე და დღეს ეს გვაქვს. გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უდავო გახდა ბრალდების მტკიცებულებები შესაბამისად დღეს ეს ყველაფერი არის ახალი გარემოება. ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე მიმალვის საფრთხე შემცირებულია, მტკიცებულებების განადგურება მინიმუმამდეა, რადგან მან ისინი უდავო გახადა", — განაცხადა მოსამართლემ.

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 20-მდე პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი.