საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) სასხესო და საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რაც ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ენერგეტიკასა და წყლის ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ხელშეკრულება დღეს, 7 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში გააფორმეს.

სასესხო ხელშეკრულება ეხება წყლის ინფრასტრუქტურას ბათუმში, სესხის ოდენობა კი 60 მილიონი ევროა. პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყალის, კახაბერის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

საგრანტო ხელშეკრულება ეხება ენერგოეფექტურობის ღონისძიებებსა და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოებას. თანხის ოდენობა 1,8 მილიონი ევროა. პროექტი ითვალისწინებს ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის (შერჩევა KfW-სა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმებით) ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციას.