თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგ ახლა უკვე კომპანია Bolt-იც ირწმუნება, რომ ტაქსის ტარიფი არ გაუზრდიათ. On.ge-ს ჟურნალისტს კომპანიის წარმომადგენელმა ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ პასუხისთვის ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე გამოქვეყნებულ მასალაზე მიუთითა.

თბილისის მერის მსგავსად Bolt-იც აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფი მხოლოდ პირველ და ორ ოქტომბერს იყო გაზრდილი, თუმცა მას შემდეგ კი წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა.

კომპანიამ ტაქსის რეგულაციის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე პოზიტიური დეტალიც დაინახა:

  • მათი სერვისით მოსარგებლე მძღოლები უფრო მალე იღებენ შეკვეთებს: "მძღოლების მიერ 1 წუთში დაფარული მანძილი 3-5%-მდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გზებზე გამტარიანობა გაიზარდა";
  • გარდა ამისა, კომპანიაში განმარტავენ, რომ "მას შემდეგ, რაც B კატეგორიის ტაქსებს ქუჩაში მგზავრის აყვანა აეკრძალათ, ჩვენი მძღოლების უმეტესობა მგზავრობის დასრულებისთანავე ახდენს პარკირებას შემდგომ გამოძახებამდე".

პირველი ოქტომბრიდან თბილისის ქუჩებში მგზავრის აყვანა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა და რიგ შემთხვევებში გაიზარდა ტაქსის ღირებულებაც.

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ტაქსის ტირიფი არ გაზრდილა, თუმცა კომპანიამ მოგვიანებით განმარტა, რომ გავრცელებულ განცხადებაში გულისხმობდნენ მხოლოდ საკუთარ კომპანიას.