გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დაჯარიმებულ "შმაქსისტებს" პარტიის წევრებმა ფული აუგროვეს. ამის შესახებ მან გადაცემა კვირის თემაში ისაუბრა.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციას დაჯარიმების ბერკეტი არ აქვს:

"არ არსებობს კანონის ნორმა, რომლითაც შეიძლება პატრულმა იხელმძღვანელოს და დააჯარიმოს "შმაქსისტი". რაც მათ შეძლეს არის ის, რომ მათ დააშინეს ადამიანები და ისეთი რაღაცები ათქმევინეს, რაზეც შემდეგ "წამოიკიდეს" და დააჯარიმეს".

შინაგან საქმეთა სამსახურის საპატრულო პოლიციამ სამი შმAXI-ის მძღოლი დააჯარიმა, მათ შორის, ორი ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო, მესამე კი ფერის შეუსაბამობისთვის. უწყების ცნობით, მგზავრებმა მათ დაუდასტურეს, რომ შმAXI ფასიან მომსახურებას უწევდათ, სხვა დამატებითი დანიშნულების გარეშე.

გირჩის შმAXI მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თუკი ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან".

გირჩმა გადაწყვიტა ტაქსების რეგულაცია "საგანმანათლებლო ბიზნესით" გააპროტესტოს. "თავისუფლების იდეის გასავრცელებლად" პარტიამ შმAXI შექმნა. "დიპლომიანი მძღოლები" თბილისის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებენ და მგზავრებს "სალექციო კურსს" შესთავაზებენ. გირჩში უნდათ, რომ შმAXI-ის მძღოლებმა მგზავრებს აუხსნან "რას ნიშნავს თავისუფლება".