პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის პოზიციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა შაბათის ქრონიკაში ისაუბრა. გარდა ამისა, ჩუგოშვილი შეწყალების კომისიის შექმნის აუცილებლობასაც აღნიშნავს:

"ეს მისი უფლება არაა, ეს მისი ვალდებულებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კითხვებს არ უსვამენ, მას კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე... მეორე კომისია, რომელიც მას არ შეუქმნია, უნდა შეიქმნას დაუყოვნებლივ, რადგან ეს კომისია არის ფილტრი, რა ფილტრიც არ არსებობს. ფილტრის არარსებობამ ვნახეთ რა შედეგი გამოიღო".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტებებს ვერ გააკეთებს:

"მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით. არ მაქვს ამისი უფლება. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ".

სალომე ზურაბიშვილის შეწყალებულთა სია გასაიდუმლოებულია, თუმცა რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გაირკვა, რომ მათ შორისაა, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ისე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.

პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 20 სექტემბერს კი პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე ნადირაშვილი დაიბარა.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გაბუნიამ თქვა, რომ შეწყალების საქმესთან მას კავშირი არ აქვს. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პროკურატურამ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებამ ადმინისტრაციის თანამშრომლები, მათ შორის დიმიტრი გაბუნია გამოკითხა.