შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში დააკავა. უწყების განცხადებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას საფრანგეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.