დღეს, 5 ოქტომბერს მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ თქვა, რომ მასაც მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე. მისივე თქმით, გამოკითხვა რუსთავი 2-ის საქმეს ეხებოდა. ნოდარ მელაძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, ნიკა გვარამიას დაჭერა, "რაც შეიძლება, მალე":

"რომ გითხრათ, რომ ბევრი რამ ვუთხარი, ვერა იმიტომ, რომ რამდენიმე კითხვა იყო სულ. ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ბონუსებს. ვუპასუხე, რომ იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახერხებდა... [ნიკა გვარამიას დაჭერა] ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ფიქრობენ, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში, რომ თუ დაიჭერენ ნიკას, გააჩერებენ მთავარი არხის მაუწყებლობას. ეს ასე არ მოხდება. ნიკას ეს თავიდანვე აქვს ნათქვამი. მთავარი კიდევ უფრო გაძლიერდება".

ამავე საქმეზე 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყვნენ რუსთავი 2-ის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.

კიდევ უფრო ადრე, 2 ოქტომბერს თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გამოკითხვაზე ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.