ტელეკომპანია მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ დღეს, 5 ოქტომბერს პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ "მთელი ეს პროცესი ერთი დიდი მასკარადია, რომლის მიზანი კრიტიკული მედიის დაშინებაა".

"მათ სურთ დისკომფორტის შექმნა ადამიანებისთვის, რათა მორალურად გავტყდეთ და დავიღალოთ, ბოლოს კი ვთქვათ, რომ აღარ გვინდა ამის კეთება, რასაც ვაკეთებთ. ბოდიში, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. როცა ბევრი წლის წინ ავირჩიე ეს პროფესია, ავირჩიე თავისი რისკებით, იმ სირთულეების თანხლებით, რაც მას ახლავს. ბევრი წელი ვიყავი რეპოსტიორი, ვმდგარვარ ფრონტის ხაზზე, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია... ვიღაცების ბულინგით, რომლებიც მთავარი არხის ჟურნალისტებს აბულინგებენ, ჩანს მათი სახე. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია, რადგან არსებობენ, ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს გაცნობიერებული, იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობს", — ამბობს ნოდარ მელაძე.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ მელაძე რუსთავი 2-ის საქმეზე არის დაბარებული. ამავე საქმეზე 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყვნენ რუსთავი 2-ის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.

კიდევ უფრო ადრე, 2 ოქტომბერს თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გამოკითხვაზე ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.