ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის პატივსაცემად ნიდერლანდებში უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან მისი მელოდიები გააჟღერეს. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, წმინდა იაკობის სახელობის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები ყვითელი ფოთლები და ფილმ შერეკილებიდან მელოდია ისმოდა.

გია ყანჩელის 2 ოქტომბერს დილით გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო. ლეგენდარულ კომპოზიტორს ეკუთვნის არაერთი აღიარებული მუსიკა, რომელიც მან კინოსთვის და თეატრისთვის შექმნა. მას, ასევე, დაწერილი აქვს ორკესტრული, კამერული, საგუნდო და საოპერო ნამუშევრები.

კომპოზიტორს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6 გაიმართება. დაკრძალვის დღეს გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე იქნება.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. თავდაპირველად მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგიის სპეციალობით დაამთავრა, რის შემდეგაც კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა.

1972 წელს ყანჩელი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ დაიწყო მუშაობა. ის მუსიკალურად აფორმებდა რობერტ სტურუას სპექტაკლებს: კავკასიური ცარცის წრე, რიჩარდ III, ჰამლეტი, ქალი-გველი, მეთორმეტე ღამე. საერთაშორისო აღიარება მას 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ ინ მემორია მიქელანგელო მოუტანა.

მას მუსიკა 50-მე ფილმისთვის აქვს დაწერილი, მათ შორის, ცისფერი მთები, არ დაიდარდო, ქვევრი, არაჩვეულებრივი გამოფენა, მიმინო, შერეკილები, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, როცა აყვავდა ნუში და სხვა.

ყანჩელი ღირსების ორდენისა და ვოლფის პრემიის მფლობელია.

ამავე თემაზე: