ეს ადამიანები ჩვენ შორის დადიან და შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი სუპერძალით არიან დაჯილდოებულები. მათ დილის მნიშვნელოვან შეხვედრებამდე შხაპის მიღებაზე უარის თქმა და ბანაობის მშრალი შამპუნითა და სველი ხელსაცოხით ჩანაცვლება არასდროს უწევთ. ისინი არც დილის 10 საათზე ახელენ დაფეთებულები თვალებს, რათა ტელეფონს შფოთვით ხელი დასტაცონ და ეკრანს ჩააშტერდნენ, რომელზეც ხუთი გამოტოვებული ზარი და მსგავსი ტექსტის მქონე შეტყობინებები ხვდებათ: "გზაში ხარ? რამდენ ხანში მოხვალ?"

ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც დილაობით ადრე თავისით, ბუნებრივად იღვიძებენ. და, არა, ეს "ადრე" დილის 8 საათს არ ნიშნავს - მათი ორგანიზმი ექვსის ნახევარზე ან უფრო ადრეც ფხიზლდება; ზოგს კი მაშინ ეღვიძება, როდესაც სხვები დასაძინებლად ემზადებიან. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ათწლიანი კვლევა ვარაუდობს, რომ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც უკიდურესად ადრე იღვიძებს, იმაზე მეტია, ვიდრე უმრავლესობას წარმოგვიდგენია.

ლუი პტაჩეკს, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან ფრანცისკოს მედიცინის სკოლის ნევროლოგიის პროფესორსა და კვლევის ავტორს, ამ ადამიანების შესწავლის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ერთ-ერთმა კოლეგამ გააცნო 69 წლის ქალი, რომელიც რეგულარულად დილის პირველ ან ორ საათზე იღვიძებდა. ასაკის მატებასთან ერთად ადრე გაღვიძების ჩვევის შეძენა უცხო ნამდვილად არაა, მაგრამ ეს ქალი ახალგაზრდობაშიც დილის 4 საათზე იღვიძებდა.

ფოტო: White Packert / Getty

სამედიცინო ჟურანლში, Sleep, გამოქვეყნებული ამ კვლევის ჩასატარებლად პტაჩეკმა იუტას უნივერსიტეტის ნევროლოგთან და ძილის კლინიკის დირექტორთან, კრისტოფერ ჯონსთან ითანამშრომლა. ჯონსი ძირითადად ძილის აპნოეს და ძილთან დაკავშირებული სხვა დარღვევების მქონე პაცინეტებს იკვლევდა. მან მუშაობის 10 წლის განმავლობაში 2422 პაციენტს მსგავსი კითხვები დაუსვა - "ხვალ რომ გამოცდას წერდეთ, რომელი იქნებოდა საუეთესო დრო ტესტის კითხვებზე საპასუხოდ?" და "რომელია სავარჯიშოდ საუკეთესო დრო?"

პაციენტებს, რომლებიც დილის საათებს პასუხობდნენ, შემდეგ ეკითხებოდნენ, ჩვეულებრივ ექვსის ნახევარზე ადრე თუ იღვიძებდნენ. როგორც აღმოჩნდა, რვა პაციენტი, ანუ საშუალოდ სამასიდან ერთი, სწორედ ასე იღვიძებდა. ამ პაციენტებიდან ხუთში ეგრეთ წოდებული ძილის მოწინავე ფაზის არსებობა გენეტიკური იყო - მათ მრავალი ისეთი ნათესავი ჰყავდათ, რომლებიც ასევე ძალიან ადრე იღვიძებდნენ.

პტაჩეკის თქმით, მისი კვლევა უნიკალურია, რადგან გვიჩვენებს, რომ ძილის მოწინავე ფაზის ქონა "არც ისე იშვიათია და მხოლოდ მაშინ იქცევა პრობლემად, თუ ადამიანისთვის მსგავსი განრიგით ცხოვრება მოუხერხებელია". მან და მისმა თანაავტორმა ადრე ადგომასთან დაკავშირებული რამდენიმე უპირატესობაც აღმოაჩინეს. ამ კონდიციის მქონე ადამიანები სხვებზე ადვილად ფხიზლდებიან და, სხვებისგან განსხვავებით, არც დასვენების დღეებში სძინავთ ზედმეტად დიდი ხნით. ტოროლებად წოდებული ეს ხალხი გვიან ღამით დამძინებლებზე, ეგრეთ წოდებულ ღამის ბუებზე, უფრო ჯანმრთელებიც შეიძლება იყვნენ. გვიან დაძინება ჯანმრთელობისთვის საშიშ ისეთ მდგომარეობებთან ასოცირდება, როგორიცაა II ტიპის დიაბეტი და გულის დაავადებები.

ფოტო: Darren Staples / Reuters

დილის ადამიანები იმ სოციალურად დამკვირდებული შეხედულებებისგანაც იღებენ სარგებელს, რომელთა მიხედვითაც, ადრე გაღვიძების ჩვევის მქონენი უფრო ამბიციურებად და შრომისმოყვარეებად ითვლებიან, ხოლო გვინ გაღვიძების მოყვარულები - ზარმაცებად. ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. ბევრი ღამის ბუ შუადღისას კი იღვიძებს, მაგრამ გვიანობამდე მუშაობს. ზოგიერთ დილით ადრე გაღვიძებულს კი დრო ყავის სმაში გაჰყავს. ამის მიუხედავად, ეს სტერეოტიპი მაინც შემორჩენილია.

თუმცა დილის ტოროლად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნო როდია. მაგალითად, ასეთი ადამიანები ღამის ხმაურიანი შეკრებების აქტიური მონაწილენი იშვიათად არიან - კვლევის მიხედვით, ისინი საღამოს ცხრის ნახევრისთვის უკვე დასაძინებლად წვებიან. ნევროლოგი საბრა მარგარეტ ებოტი, რომელიც აღნიშნულ კველვაში არ მონაწილეობდა, განმარტავს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ბუნებრივი ძილის პერიოდი საღამოს შვიდიდან დილის სამი საათია, მაგრამ ოჯახური თუ სამსახურეობრივი მოვალეობების გამო ისინი ათ საათამდე ვერ იძინებენ. "გვიან დაწოლის მიუხედავად, დილის სამ საათზე გამოფხიზლებულები, ძილს მაინც ვერ იბრუნებენ, რის გამოც მეორე დღეს გამოუძინებლები არიან", - ამბობს ებოტი.

მან ისიც დაამატა, რომ თუ ადამიანს ბუნებრივი ძილის რიტმის შეცვლა სურს, ამას ძილის ჰორმონის, მელატონინის მიღებით მოახერხებს. ამასთან, რეკომენდირებულია სტრატეგიულად დაგეგმილი სინათლის მეთოდის გამოყენებაც.

ფოტო: iStock

პტაჩეკი იხსენებს, რომ 20 წლის წინ გაცნობილ 69 წლის ქალს ადრე გაღვიძების ჩვევა სულაც არ მოსწონდა. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მას ისეთ დროს უწევდა გამოფხიზლება, როცა ჯერ კიდევ ციოდა, ბნელოდა და ყველა სხვას ეძინა. ასეთი ცხოვრების სტილმა ის დეპრესიული გახადა. ზოგჯერ, დროის გასაყვანად, დილის ოთხ საათზე სახლის დალაგებასაც კი იწყებდა. მეორე მხრივ, მისი ერთ-ერთი ნათესავი, წარმატებული ბიზნესმენი, საკუთარი ძილის მოწინავე ფაზით ძალიანაც კმაყოფილი იყო. "ის დილით ადრე ადგომის ჩვევის გამო თავს იღბლიანად მიიჩნევდა და ხშირად დილის სამ ან ოთხ საათზე 24-საათიან სპორტ-დარბაზში ენთუზიაზმით ვარჯიშობდა", - ამბობს პტაჩეკი.

ამ კვლევის მეთოდოლოგიას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. რადგან პტაჩეკი და ჯონსი კვლევას ძილის კლინიკაში ატარებდნენ, პაციენტების უმრავლესობა ძილის აპნოეს უჩიოდა. პტაჩეკს მიაჩნია, რომ ძილის აპნოეს არსებობას ან არარსებობას არანაირი ზეგავლენა არ აქვს იმაზე, ადამიანი დილის ტოროლა იქნება თუ ღამის ბუ. მაგრამ ებოტი და სხვა ექსპერტები ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, რომ ამ მონაცემების მთლიან მოსახლეობაზე განზოგადება სწორი იქნება. ასევე, კვლევაში ძილის ასეთი რეჟიმის მქონე პაციენტების რიცხვი - 8 ადამიანი - საგრძნობლად მცირე აღმოჩნდა. ეს კვლევის შედეგების ექსტრაპოლაციის საკითხს კიდევ უფრო ართულებს.

ყველაფრის მიუხედავად, პტაჩეკის თქმით, ამ კვლევის ჩატარების მთავარი მიზანი ადამიანების დაფიქრება იყო "იმ ფაქტზე, რომ ყველანი განსხვავებულები ვართ და ნაწილობრივ ჩვენი გენეტიკაც განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოვადგენთ. ის, რაც შენთვის კარგია, განსხვავდება იმისგან, რაც სხვისთვის იქნება კარგი. ხალხს კი ყველაფრის ნორმად ჩათვლილ სტანდარტზე მორგება ახასიათებს, მაგრამ... შეუძლებელია, ყველა ადამიანი ერთ სტანდარტს მოერგოს".