შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა ტვიტერის აღწერაში ამჯერად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დახასიათება დაიმატა.

"შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ მე არ ვიზიარებ საერთო აღფრთოვანებას გრეტა თუნბერგის გამოსვლის მიმართ. კარგია, რომ ახალგაზრდები აქცევენ ყურადღებას სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის ეკოლოგიას და რა თქმა უნდა, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როცა ბავშვებს ვიღაც პირადი მიზნებისთვის იყენებს, ეს კრიტიკას იმსახურებს... ის კეთილი, მაგრამ ცუდად ინფორმირებული მოზარდია", — განაცხადა პუტინმა. თუნბერგმა ამ შეფასების ნაწილი "კეთილი, მაგრამ ცუდად ინფორმირებული მოზარდია" გადაიტანა ტვიტერის დახასიათებაში.

მანამდე თუნბერგს ტვიტერის აღწერაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ეწერა. გაეროში თუნბერგის ემოციური გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაპოსტა:

"როგორც ჩანს, ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც მოუთმენლად ნათელ და მშვენიერ მომავალს ელის. როგორი სასიამოვნო სანახავია!"

ფოტო: Greta Thunberg / Twitter

ცნობილია, რომ პრეზიდენტი ტრამპი კლიმატური ცვლილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და აშშ-ს პარიზის შეთანხმებაც დაატოვებინა. სწორედ ამის გამო, ბევრმა ტრამპის კომენტარი დაცინვად აღიქვა.

23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაზე გრეტა თუნბერგმა კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო ლიდერების მხრიდან უყურადღებობაზე ისაუბრა.

"ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი. თქვენი ფუჭი საუბრით მომავალი და ბავშვობა წამართვით. მასობრივი გადაშენება იწყება, მაგრამ ერთადერთი რაზეც საუბრობთ, ფული და ზღაპრებია უსასრულო ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!" — აღნიშნა თუნბერგმა ემოციური გამოსვლისას.

ახალგაზრდა აქტივისტის გამოსვლა სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის გამოხმარუება მოყვა. მათ შორის კრიტიკა და ბულინგი, რასაც საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International გამოეხმაურა და გრეტას მხარდაჭერა გამოუცხადა.