ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბრის დასაწყისში მიიღებს. როგორც მან გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა, ამ ეტაპისთვის ის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"იმ გუნდთან ვისთანაც ერთად მე მოვიაზრებ თანამშრომლობას, როგორც კი გვექნება საერთო პოზიცია და როდესაც გვექნება შეთანხმება, რომ ეს პოზიცია გავაჟღეროთ, მხოლოდ მაშინ გავაჟღერებ. აქ არ არის საუბარი თანამშრომლობის რამდენიმე ვარიანტზე, აქ საუბარია გუნდის შემადგენლობაზე. სანამ გუნდი არ შედგა და ყველა წვერმა არ მოაწერა ხელი პოზიციას, რომელსაც ჩვენ გავაჟღერებთ, პოზიციის გაჟღერება იქნება არასწორი".

მისივე თქმით, გუნდის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი შეიძლება თვითონაც იყოს. მანვე აღნიშნა, რომ გუნში ძირითად ბირთვს ადგენენ და კონსულტაციები მიმდინარეობს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მიმდინარე წლის 18 აპრილს მოაწერა. მისი პოზიცია ნათია თურნავამ დაიკავა. 4 მაისს შაბათის კურიერში გავიდა ქობულიას კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. პრემიერმა კი განაცხადა, რომ მასთან ხედვებსა და მიდგომებში აცდენა ჰქონდა.