როგორც ვარაუდობენ, სამხრეთ კორეაში ქალმა თავი მას შემდეგ მოიკლა, როცა გაიგო, რომ სამსახურის გასახდელში კამერით მალულად უღებდნენ. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, გარდაცვლილი ქალის სხეული თავის სახლში იპოვეს და როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ფარული ჩანაწერების გამო ის ბოლო დღეების განმავლობაში ტრავმირებული იყო და კოშმარები სტანჯავდა.

იმ საავადმყოფოში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი კაცი, რომელშიც გარდაცვლილი ქალი მუშაობდა, აგვისტოში დააკავეს გასახდელში ქალი თანამშრომლების ფარული ჩანაწერების გადაღებისთვის. პოლიციის განცხადებით, მას გასახდელში სპეციალური ჭუჭრუტანა ჰქონდა გაკეთებული, საიდანაც ოთხ მსხვერპლ ქალს უთვალთვალებდა.

სამხრეთ კორეისთვის ეს შემთხვევა იშვიათი სულაც არ არის, მეტიც, ის იმდენად გავრცელებული პრაქტიკაა, რომ მას სპეციალური ტერმინითაც იცნობენ - molka. სამხრეთ კორეაში ათასობით ქალი გახდა ამ დანაშაულის მსხვერპლი: მათ ფარულად უღებენ ვიდეოებს და შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე აქვეყნებენ.

სამხრეთ კორეაში 2012 წელს მსგავსი ქმედების შესახებ პოლიციაში 2 400 საჩივარი შევიდა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 6 400-ს მიაღწია. 2019 წლის დასაწყისში კი ორი კაცი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ სამხრეთ კორეის ათ ქალაქში ოცდაათამდე სასტუმროში 1 600 ადამიანის ფარული ჩანაწერების გადაღებაზე. გადაღებულ ვიდეოებს ისინი პორნოსაიტებზე ათავსებდნენ.

სახრეთ კორეელი ქალი პორნოგრაფიული ფარული ჩანაწერების საწინააღმდეგო აქციაზე სეულში

ფოტო: Chung Sung-Jun/Getty Images

molka-დ ცნობილი შემთხვევები იმდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და განსაკუთრებით ქალებისთვის, რომ ხშირად იმართება ფართომასშტაბიანი აქციები ამ მთავარი ლოზუნგით: "ჩემი ცხოვრება შენი პორნო არ არის".

სეულში Chung-Ang-ის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორის, იონგ ლის განცხადებით, სამხრეთ კორეელი ქალებისთვის ეს პრობლემა ეპიდემიასავითაა გავრცელებული:

"აქ ყველგან კამერებია - სასტუმროების ტუალეტებში, კერძო სახლებსა თუ სკოლებში, რომელთა საშუალებითაც ფოტოებსა და ვიდეოებს გიღებენ და შემდეგ პორნოსაიტებზე ისე ათავსებენ, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს".