"გაერკვიეთ "ქრისტიან-დემოკრატობა" რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით", — ასე გამოეხმაურა პარლამენტარი, სალომე სამადაშვილი თანაგუნდელის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.

"ქრისტიანულ-დემოკრატიული და შესაბამისად, დიახ, ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის პირმშოა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი, პირველ რიგში, როგორც რეაქცია კათოლიკური ეკლესიის დომინირებაზე. მოიგონეს, რადგან სჭირდებოდათ, განსხვავებით მართლმადიდებლური სამყაროსგან, სადაც ეკლესია არასდროს ყოფილა საერო ხელისუფლების წყარო. ასე რომ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ მომავალში თავს, გაერკვიეთ "ქრისტიან-დემოკრატობა" რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით", — წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური იდეების შიმშილია. გარდა ამისა, სამადაშვილის აღნიშნავს, რომ "სახელმწიფოს მიტაცების პირობებში" არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ფუფუნება საკუთარი პარტიული დღის წესრიგი დააყენოს საერთო ეროვნულ იდეაზე მაღლა:

"ყველა პოზიცია, რომელიც შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას დასავლური ორიენტაციის დემოკრატიულ პარტიებს შორის, ვინც არ უნდა აფიქსირებდეს მას, არის და იქნება ჩემთვის პირადად მიუღებელი".

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში".

სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო პარტია ნინო ლაპიაშვილმა დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ". გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.