პარტია გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეს თბილისში "ფერადი ტაქსით" მუშაობა დაიწყო. ჯაფარიძეს მანქანიდან ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული, სადაც ჩანდა, რომ იგი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დადიოდა იმის შესამოწმებლად, დააჯარიმებდნენ თუ არა.

დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირი გადაკვრა შესთავაზა.