10 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კითხვებს აჩენს. ასე გამოეხმაურნენ არასამთავრობოები მაუწყებლის თანამშრომლების განცხადებას, სადაც საუბარი იყო სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხესთან.

"მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას... ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტთა მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს", — აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი განმარტებით, ტელევიზიის განვითარებასთან დაკავშირებით საფრთხე მაშინ დაინახეს, როცა მრჩეველთა საბჭომ დირექტორი, ნათია კაპანაძე გადააყენა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  3. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  4. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი — AB;
  5. ღია საზოგადოების ფონდი;
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
  7. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  8. მწვანე ალტერნატივა საქართველო;
  9. მედიის განვითარების ფონდი;
  10. დემოკრატიის განვითარების ფონდი.

ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში

არხის დირექტორი სამი თვეზე მეტია ვერ შეარჩიეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ პროცესს ფარსი უწოდა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულობაში დაადანაშაულა.

მისივე განცხადებით, ყოფილი დირექტორის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეოთხედ იყო გამოცხადებული. წინა სამ მცდელობაზე მრჩეველთა საბჭოს ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.