ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერებამ "სერიოზულად დააზარალა ქვეყანა". ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 30 სექტემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ამაზე ეროვნული ბანკის 8 თვის მონაცემებიც მეტყველებს:

"საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსული თანხების მხრივ კლებაა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას მაქსიმალურად დავუდექით გვერდში, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს, ეს ნეგატიური ტენდენცია ჯერ კიდევ არ არის გადალახული და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ მის გადალახვას".

ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში ფრენების აღდგენა "ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი ბაზრის განვითარებისთვის".

"ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, ჩვენთვის კარგი და დადებითია", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რუსეთის ტურისტული ემბარგო

რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო ერთი თვის წინ დაუწესა. 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები რუსული და ქართული კომპანიებისთვის შეიზღუდა.

რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეების სანტისაოკუპაციო აქციები უკვე 19 დღეა გრძელდება.