როდესაც დღევანდელი ვეშაპებისა და დელფინების წინაპრებმა ხმელეთიდან წყალში გადაინაცვლეს, მათ ბევრი ახალი თვისება შეიძინეს — ფარფლები, სუნთქვის დიდი ხნით შეკავების უნარი, სქელი კანი და სხვა. ამ პროცესში მათ მრავალი თვისებაც მოიშორეს, ძირითადად ისინი, რომლებიც მათთვის ხელსაყრელი და საჭირო აღარ იყო.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვეშაპებისა და დელფინების წინაპრებმა გარკვეული გენების დაკარგვით მოიშორეს ის უნარები, რომლებიც მათ წყალქვეშ ცხოვრებაში ხელს მნიშვნელოვნად შეუშლიდა. სწორედ ამან განაპირობა მათი გამრავლება და წარმატება.

ნელ-ნელა ჩვენთვის უფრო და უფრო მეტი სახეობის ცხოველის დნმ-ს თანმიმდევრობები ხდება ხელმისაწვდომი, ეს კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს უკეთ გამოარჩიონ, თუ რომელი გენებია ამა თუ იმ ცხოველებისთვის საერთო და რომელი — არა.

მაქს პლანკის მოლეკულური უჯრედული ბიოლოგიის და გენეტიკის ინსტიტუტის პროფესორის, მაიკლ ჰილერის გუნდმა თანამედროვე ვეშაპისნაირების (დელფინები, ვეშაპები და ზღვის ღორები) დნმ შეისწავლა, შემდეგ კი მიღებული გენები ვეშაპისნაირების ყველაზე ახლო გენეტიკურ ნათესავს, ბეჰემოთებს შეადარა, რის შემდეგაც გამოვლინდა 85 გენი, რომლებიც ვეშაპისნაირების წინაპრებმა წყალში გადანაცვლებისას "დაკარგეს."

ეს გენები სხვადასხვა პროცესში იყვნენ ჩართულები, მაგალითად, სისხლის შედედებაში, თმის ზრდაში და ძილში. პროფესორმა ჰილერმა ადრე აღმოაჩინა, რომ გენი, რომელიც თმის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი ვეშაპისნაირებში გამქრალია, ალბათ იმისთვის, რომ ცურვისას წყალთან ხახუნი შემცირდეს.

"ბევრი რამ აღმოვაჩინეთ, რამაც, პირადად მე, გამაკვირვა", — ამბობს ის.

მაგალითად, ერთ-ერთი გამქრალი გენი აწარმოებს ფერმენტს, რომელიც დნმ-ის შეკეთებაშია ჩართული. რადგანაც დელფინები და ვეშაპები წყლის ქვეშ ჩასუნთქვის გარეშე დიდი ხნის განმავლობაში ჩერდებიან, მათი დნმ ხშირად ზიანდება, შესაბამისად, შეკეთებაც ხშირად სჭირდება. თუმცა, ეს კონკრეტული ფერმენტი არაეფექტურია და ის შეკეთებისას დამატებით შეცდომებსაც უშვებს. სხვა, უფრო უშეცდომო ფერმენტებს ვეშაპისნაირებში კვლავ ვხვდებით. ამის საფუძველზე მეცნიერები ფიქრობენ, რომ როდესაც დნმ-ის ხშირი შეკეთებაა საჭირო, ეს ფერმენტი უფრო მეტ ზიანს იწვევდა, ვიდრე სარგებელს, სწორედ ამიტომ დაკარგეს ვეშაპისნაირებმა ის წყალში ცხოვრებისას.

დაკარგული გენების ნაწილი სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობდნენ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ასეთი გენის დაკარგვა საფრთხის შემცველია, თუმცა, როდესაც ვეშაპები ღრმად ყვინთავენ მათი სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლში კი აზოტის ბუშტები წარმოიქმნება, რაც სისხლის შედედებას უწყობს ხელს. ამ გენების მოშორება, მთლიანობაში, ვეშაპისნაირებისთვის, შესაძლოა, უფრო მომგებიანი ყოფილიყო.

ვეშაპისნაირებში ასევე გამქრალი იყო ოთხი გენი, რომელიც მელატონინთან — ძილის ჰორმონთან იყო კავშირში. ორგანიზმების უმეტესობაში მელატონინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც სხეული ძილისთვის ემზადება, თუმცა ვეშაპისნაირებს სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებული ძილი აქვთ. მათ შემთხვევაში ძილისას მხოლოდ ტვინის ნახევარი იძინებს, მეორე ნახევარი კი ფხიზლადაა. ჰილერის თქმით, წყლის ქვეშ ხანგრძლივი ძილი, რომლის დროსაც ორგანიზმი თითქმის სრულად უმოქმედოა, არ გამოდის. ამის გათვალისწინებით, მელატონინი დელფინებისა და ვეშაპებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა.

ჰილერის თქმით, ევოლუციისთვის დამახასიათებელია იმ გენების გაქრობა, რომლებსაც ორგანიზმი აქტიურად არ იყენებს. ახალი კვლევა კი მიანიშნებს, რომ ევოლუციით ის გენებიც აქტიურად ქრება, რომლებიც, დარჩენის შემთხვევაში, ახალ გარემოში მცხოვრებ ორგანიზმებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდნენ.