კომიქსების მოყვარულებისთვის უკვე ცნობილია, რომ გოთემში მალე ბეტვუმენი გამოჩნდება! ამ მნიშვნელოვანი, პირველი ცნობილი ლესბოსელი სუპერგმირის როლს კი მსახიობი რუბი როუზი ასრულებს, რომელმაც თავის ინსტაგრამზე ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა და გადაღებებზე მიღებული ტრავმების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, სერიალის გადაღებებზე მსახიობმა იმდენად სერიოზული ტრავმა მიიღო, რომ რამდენიმე თვის წინ ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაციის დროს არსებობდა ალბათობა, რომ მსახიობი სრულიად პარალიზებული დარჩენილიყო, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

"მადლობა ექიმ ბრეის იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა, რათა კვლავ შემძლებოდა საყვარელი საქმიანობის გაგრძელება. ამის გამო მუდამ ვალში ვიქნები", - წერს რუბი როუზი.

რუბი როუზს მანამდე მონაწილოება აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა Resident Evil: The Final Chapter და John Wick: Chapter 2. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ შესრულებული ბეტვუმენის როლის შეფასებას კი მაყურებლები 6 ოქტომბრიდან The CW-ის ახალ სერიალში შეძლებენ.

ფოტო: The CW