ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პირველად 2012 წელს გაიმართა და სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომელიც უკვე მერვე წელია გრძელდება.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 17 მიზანი იყო, განსაკუთრებული აქცენტი კი განათლებაზე გაკეთდა.

ფოტო: ილიაუნი

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებები ტარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებმა ცალსახად დაინახონ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს. აუცილებელია ამ ყველაფრით ახალგაზრდების დაინტერესება, ასეთი ღონისძიებები სწორედ ამას ეძღვნება. ამ პიკნიკში გაეროცაა ჩართული და ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ ორგანიზაციის მიერ 2030 წლისთვის დასახულ მდგრადი განვითარების მიზნებს. ამისთვის კი გვჭირდება ინოვაციური ტექნოლოგიები, ახალი იდეები და იმის გააზრება, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები", — განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში საბინა მახლმა.

სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ვაკის პარკში 40-მდე კარავი გაიშალა, სადაც სტუმრებს სთავაზობდნენ შემეცნებით-გასართობ პროგრამებს, ატარებდნენ სახალისო ექსპერიმენტებს და აწყობდნენ ინტერაქციულ გამოფენებს.

პიკნიკის ფარგლებში ვაკის მედიათეკაში სამეცნიერო კაფეც მოეწყო, სადაც ილიაუნის ლექტორებმა ლექციები ჩაატარეს და ისაუბრეს ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიც, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტია.

"წელს ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო პიკნიკი უკვე მერვედ ტარდება. მასში მონაწილეობას, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან ჩვენი მრავალი პარტნიორი იღებს. ჩამოსულია პოლონელ ანიმატორთა ჯგუფი, რომლებსაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო შოუ აქვთ მომზადებული", — აცხადებს ილიაუნის ვიცე-რექტორი ნანა დიხამინჯია.

სამეცნიერო პიკნიკის მონაწილეთა შორის იყვნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სტიპენდიანტები, სკოლა აია-ჯესის მოსწავლეები, მარიამ მიქაძე და ლიზი ტურაშვილი. მათ დამთვარიელებლებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი მოწყობილობა წარუდგინეს.

"ამ კონტეინერში დაყენებულია სპეციალური ფილტრები და კვარცული ჰალოგენური ნათურები, რომლებიც მზის ფუნქციას ასრულებენ. ფილტრების წყალობით კონტეინერში სარეველების გაზრდას თავიდან ვიცილებთ და ვიღებთ მხოლოდ იმ მცენარეებს, რომლებიც ჩვენ გვსურს", — აცხადებს ლიზი.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად დაჯილდოვდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე წარმატებული პირველკურსელები. პიკნიკის დასრულების შემდეგ გაიმართა პირველკურსელების მიღების ცერემონია — Welcome Party.

საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

გაიგე მეტი: