საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებულთა სიის ერთადერთი ავტორი პრეზიდენტია. ზურაბიშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც ეს უფლება აქვს, შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცნებების არევა", — აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მისივე განცხადებით, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებით არავის უფლება ირღვევა.

"მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით. დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ", — დასძინა პრეზიდენტმა.

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 20 სექტემბერს კი პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე ნადირაშვილი დაიბარა.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გაბუნიამ თქვა, რომ შეწყალების საქმესთან მას კავშირი არ აქვს. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა. ადმინისტრაციიდან ამ საქმეზე უკვე გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი და კიდევ ხუთი თანამშრომელი.

პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.