შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, რა ინფორმაციასაც ახლა გაგიზიარებთ, რამდენიმე საათის წინ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა და სრულიად სიმართლეა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს", — წერია პოსტში, რომელსაც თან იმ ფრინველის სახეობის ფოტოები ერთვის, რომელსაც საქართველოში არასდროს უცხოვრია.

პოსტიდან იმასაც ვიგებთ, რომ ეს ინდივიდი, სავარაუდოდ, თბილ ქვეყნებში გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. გზააბნეული ფლამინგოს ჯავახეთის ეროვნულ პარკში გამოჩენა კი პირველი შემთხვევა სულაც არ არის. ბოლოს ის აქ 2016 წელს შენიშნეს.

საბედნიეროდ, დაკარგული ფრინველი ამავე პარკის რეინჯერმა, გაგიკო მიკოსიანმა იპოვა და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარებაც გაუწია.