საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალმა 7,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21,6 მილიარდი ლარია. როგორც სებ განმარტავს, აღნიშნული საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 46,9 პროცენტია.

საგარეო ვალი ასე ნაწილდება:

  • სამთავრობო სექტორის ვალი — 5,4 მილიარდი დოლარი (15,5 მილიარდი ლარი; მშპ-ს 33,6 პროცენტი);
  • ეროვნული ბანკის ვალდებულებები — 415,5 მილიონი დოლარი (1,2 მილიარდი ლარი; მშპ-ს 2,6 პროცენტი);
  • სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები — 826,4 მილიონი დოლარი (2,4 მილიარდი ლარი; მშპ-ს 5,1 პროცენტი);
  • სესხები — 894,1 მილიონი დოლარი (2,6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5,6 პროცენტი).

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალმა მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით ჯამში 18,2 მილიარდი დოლარი (52,2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113,2 პროცენტია.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385,3 მილიონი დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421,7 მილიონი დოლარით, ფასის ცვლილებების გამო — 24,3 მილიონი დოლარით და სხვა ცვლილებების გამო — 8,8 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69,5 მილიონი დოლარით შემცირდა.