20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 10 ათასი ლარის გირაო დააკისრა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ამის მიზეზად კი იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ცნობით, 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

20 ივნისის აქცია

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს პარლამენტთან და სასტუმროსთან, სადაც ასამბლეის წევრები გადაიყვანეს. დღის ბოლოს ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.