ასე იყო იმ დღემდე, სანამ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მის მიერ დაშვებული "შეცდომის" გამო შეწყალებაზე მორატორიუმს გამოაცხადებდა. მსჯავრდებულებს ახლაც შეუძლიათ, დაწერონ განცხადება შეწყალებაზე, მაგრამ განუხილავი დარჩება. პრეზიდენტს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული იქამდე, სანამ შეწყალების კომისიას არ შექმნის.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მორატორიუმის გამოცხადება არაკანონიერი და არაკონსტიტუციური არ არის. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები მოლოდინში არიან და ამბობენ, რომ შეწყალება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

იმავეს ფიქრობენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრშიც (EMC). ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუცილებელია, შეწყალების კომისია უმოკლეს ვადაში შეიქმნას.

"შეწყალებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის ხშირად შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

შეწყალების მექანიზმის მნიშვნელობაზე საუბრობენ მიხეილ თოდუას (მიხაილო) ცოლი და თემურ კალანდაძის დედა. მიხაილოს ცოლს შეწყალებაზე არაერთხელ მიუმართავს და ამ დრომდე იმედს არ კარგავს. თემურ კალანდაძის დედა კი ამ მექანიზმით სარგებლობას აპირებს.

მიხაილო

მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდის.

მიხაილო მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეია. მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებს. დაკავებიდან ცოტა ხანში მისცეს კომპიუტერი და შეიძინა ის ინსტრუმენტები, რაც სჭირდებოდა მუსიკის დასაწერად. გამოუყეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და კვირაში 5 დღე, როცა დროს აძლევენ, მუშაობს.

მისი ცოლი, სალომე წივწივაძე ამბობს, რომ მიხაილოს მიზანი იყო, საპატიმროდან ერთი ალბომი მაინც გამოეცა, დღეს კი მეცხრეზე მუშაობს. პარალელურად, აქვს შეთავაზებები ჩამწერი სტუდიებიდანაც.

დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, შეიწყალებენ თუ არა. უბრალოდ, ადამიანს ყოველთვის გაქვს იმედი, რომ რაღაც დადებითი მოხდება

მიხაილოს ცოლი

სალომემ იცის, რომ მიხაილო ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არავის მიაყენებს ზიანს. ამბობს, რომ სასჯელი არაადეკვატურია, მიხაილოს არავისთვის არაფერი დაუშავებია, საკუთარი თავის გარდა.

მუხლზე, რომლითაც მიხაილო გაასამართლეს, შესაწყალებლად მიმართვა პატიმრობის ვადის ნახევრის გასვლის შემდეგაა შესაძლებელი. მიხაილომ შეწყალების თხოვნით წინა პრეზიდენტსაც მიმართა. თხოვნა არც მოქმედმა დააკმაყოფილა.

"დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, შეიწყალებენ თუ არა. უბრალოდ, ადამიანს ყოველთვის გაქვს იმედი, რომ რაღაც დადებითი მოხდება", — ამბობს სალომე.

ის ფიქრობს, რომ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება პატიმრებში იმედგაცრუებას იწვევს.

თემო

თემურ კალანდაძე 2017 წლის 3 მაისს საქართველოში ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის აეროპორტში დააკავეს. მისი დედა, თამარ კალანდაძე ყვება, რომ დაკავებამდე ორი კვირით ადრე სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს, შემდეგ საზღვარზე დახვდნენ, ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.

დედის თქმით, წინასწარ გაიგო, რომ ნარკოტიკების ჩადებას აპირებდნენ და ამიტომ, შვილი ქვეყნიდან გაარიდა.

"თემომ მესიჯი მიიღო, ოჯახის სხვა წევრები ხომ არ წასულანო", — თქვა თემოს დედამ.

ამ მიზეზით გადაწყვიტა, უკან დაბრუნებულიყო და საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთოთ.

"აეროპორტში როცა გაჩხრიკეს, არაფერი აღმოაჩნდა, მერე ტომოგრაფიაზე გადაიყვანეს და იქაც ვერაფერი უპოვეს, შემდეგ მიიყვანეს სამმართველოში, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნარკოტიკი სამმართველოში ჩაუდეს და თქვეს, რომ აეროპორტში ამოუღეს", — ყვება თამარ კალანდაძე.

დედას იხსენებს, რომ დაკავებიდან 9 თვის თავზე თემო თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ის ყვება, რომ მოწმეები მხოლოდ პოლიციელები იყვნენ, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თემოს 15 წელი მიუსაჯეს, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

"ორივე ინსტანციაში "კლანის" წევრები იყვნენ და ერთმანეთს უწევდნენ ანგარიშს", — აცხადებს მსჯავრდებულის დედა.

აბა, რა ვქნათ იმათ, ვინც დავიჩაგრეთ?

თემოს დედა

შვილის დაკავების შემდეგ ამ მუხლით გასამართლებულების მშობლები გაიცნო. ისინი თანხმდებიან, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი სასჯელი მკაცრი და უსამართლოა.

შეწყალების თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. თუმცა, ჰგონია, რომ იმ რეალობაში, როცა სასამართლოს დაბალი ნდობა აქვს, მსჯავრდებულებისთვის ეს მნიშვნელოვანი მექანიზმია.

"პრეზიდენტს ყველა მოქალაქის დაცვა ევალება. აბა, რა ვქნათ იმათ, ვინც დავიჩაგრეთ? ყველა ვაღიარებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს. პროკურატურაც კოშმარია. აბა, რა გავაკეთოთ?" — ამბობს თემოს დედა.