პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, სოლიდარობისთვისა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

"ასეთ დროს თითოეულის პრინციპულობა, თანადგომა და გამბედაობა არის ძალა და მოტივაცია შევაჩეროთ ძალადობა და უსამართლობა! არ შეშინდეთ არასოდეს როცა მართალი ხართ!" — წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

პარლამენტის შესასვლელთან დღეს, 27 სექტემბერს დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ქალთა მოძრაობა იყო, რომელსაც დეპუტატებიდან მხოლოდ ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია შეუერთდა.

"სოლიდარობა ეკა ბესელიას!" — ეს წარწერები ქალთა მოძრაობის წევრებმა დღეს ყველა იმ მანქანის მინაზე გააკრეს, რომელიც პარლამენტის შენობასთან იყო გაჩერებული.

აქცია პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართული ოცნების წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალის" ხსენებით იმ ფარულ ვიდეოკადრებზე მიანიშნა, რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ არაერთხელ გავრცელდა. ბესელიამ არაერთხელ თქვა, რომ ამ ვიდეოკადრებით მისი დაშანტაჟება უნდათ, თუმცა ის პოლიტიკიდან მაინც არ წავა.

ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ მოქალაქეები ეკა ბესელიას სოციალურ ქსელში სოლიდარობას უცხადებდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრები კი ეკა ბესელიას მიმართ ბინძურ კამპანიაზე საუბრობდნენ.