გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მისი მეგობარია. ამის შესახებ მან დღეს, 27 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

მამუკა ვასაძე განმარტავს, რომ პროკურატურაში მას შემდეგ მივიდა, რაც ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა. ის აღნიშნავს, რომ მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ოთარ ფარცხალაძე არც მისი რეკომენდატორი ყოფილა.

ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე რამდენიმე გახმაურებულ საქმეში, მათ შორის, რუსთავი 2-ის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს. გავრცელებულს ჩანაწერებში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ფარცხალაძემ მასზე იძალადა. გარდა ამისა, მას თავდასხმასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია.

ოთარ ფარცხალაძე, სავარაუდოდ, ფიგურირებს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეშიც. მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი.

მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის ხელისუფლებამ პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მოტივით დააკავა. ის, ასევე, აცხადებდა, რომ წინასწარი პატიმრობის დროსაც დევნიდნენ. მისი თქმით, 2013 წლის დეკემბერში, გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეხვედროდა. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ ის დააშინა და დაადანაშაულა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და ასევე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

2016 წლის 14 ივნისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო, არა იმიტომ, რომ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, "არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად" იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ იმაზეც, რომ ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურაში ისევ აქვს გავლენები და უწყებას მართავს.