პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან უზენაესში ასარჩევ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის განხილვას ეკა ბესელიასთან ერთად ესწრებოდა. ბესელიამ ამ შეხვედრაზე ჩუგოშვილის დასწრებაზე გუშინ, 26 სექტემბერს თქვა.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის უზენაესის მოსამართლეთა 10-კაციანი სიის დამტკიცების წინააღმდეგი იყო, თუმცა, მას და ბესელიას განსხვავებული არგუმენტები ჰქონდათ.

"ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ", — აღნიშნავს ჩუგოშვილი Facebook-პოსტში.

სწორედ მოსამართლეთა წინა 10-კაციანი სია გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი და ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. მისი პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.