პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებით თუ წამოძახილით საუბარი. ასე ეხმაურება ჩუგოშვილი პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული და ეკა ბესელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლია

"ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს", — წერს ჩუგოშვილი Facebook-ზე.

გუშინ, 26 სექტემბრის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.