საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ნიუ იორკში დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

გახარია ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარტნიორებთან.

"ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს, აი, ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი... [ეს] არის ის პლატფორმა, საიდანაც ყველას უნდა ველაპარაკოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი", — თქვა გახარიამ.

ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. 2008 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს დიპლომატიური კონტაქტი არ ჰქონიათ.