დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მოსამართლეების სიის განხილვისას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მისი ყოფილი თანაგუნდელი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ნიკა გვარამიას მთავარ აქცენტებში ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ ამ სიას არ გაგატანინებთ თქვენ და როცა მე ვთქვი, რომ ამის სანაცვლოდ გადავდგებოდი ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილი. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა, მაგრამ ის ესწრებოდა ამ საუბარს და მან ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია. სხვათა შორის, მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა", — განაცხადა ბესელიამ.

სწორედ მოსამართლეთა წინა 10-კაციანი სია გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი და ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. მისი პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

თანამდებობის დატოვები მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება.

ყველაზე ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოემხურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ბესელიას და მის მხარდამჭერ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხავდნენ.

რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის ღია განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა და ბესელიამ მმართველი პარტია დატოვა.

ამ ეტაპზე პარლამენტი ახალი სიით წარდგენილ კანდიდატებს ხვდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-კაციან სიაში 5 იგივე მოსამართლე მოხვდა, რომელიც სადავო სიაში იყო.