დღეს ერთი იღბლიანი ლეკვის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც კეთილი ადამიანების ერთსულოვნებამ გადაარჩინა.

"ჩემი ოცნების პოსტს ვდებ, თუ გახსოვთ ეს ძაღლი, დახმარება რომ გთხოვეთ და ბევრი რომ დაეხმარეთ. აი, ასეთი ამბავი დაატრიალა მაგ სიკეთემ", — ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე სწორედ ასეთი წარწერით ლეკვის "მანამდე და შემდეგ" ფოტოები გამოჩნდა.

საქმე ის არის, რომ ცხოველი თავდაპირველად ნინი ჭიკაიძემ იპოვა ქუჩაში და ამის შესახებ ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე დაპოსტა. ნაპოვნი ლეკვის გადარჩენა კი ქეთი ორაგველიძემ პირად გამოწვევად მიიღო და გამოუვიდა კიდეც.

შედარებით ძველ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ლეკვი დასუსტებული და მოუვლელი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მასზე ზრუნვა დაიწყეს, გაცილებით პუტკუნა და ლამაზი გახდა და სიცოცხლეც დაუბრუნდა თვალებში.

"ნინიმ დუშეთის გზაზე იპოვა ეს ლეკვი და ფოტოები ერთ-ერთ ჯგუფში დაპოსტა. თვითონ ვერაფრით ეხმარებოდა ინფორმაციის გაზიარების გარდა და სცადა, ეგებ ვინმე სხვას აეღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. რამდენიმე დღე იპოსტებოდა მის შესახებ. ყველანი ძალიან განვიცდიდით, მაგრამ კონკრეტული გეგმა ვერ დავისახეთ. ეს ლეკვი განსაკუთრებით ჩამრჩა გულში, წარმოუდგენლად სუსტი ჩანდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისი გადარჩენის "ოპერაციას" სათავეში მე ჩავდგომოდი.", — ამბობს ქეთი On.ge-სთან საუბრისას.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ ლეკვის რეაბილიტირების საკმაოდ რთულ გზაზე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს პასუხისმგებლობა მასთან ერთად გადაინაწილეს და ინფორმაციის გავრცელებით, წამლების ყიდვითა თუ ფინანსური მხარდაჭერით ლეკვის საბოლოოდ გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ.

კლინიკაში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძაღლს რამდენიმე დაავადება სჭირდა — მათ შორის დემოდეკოზი, რის გამოც ბეწვი მთლიანად ჰქონდა გაცვენილი. მოკლედ, ვერ გავუძელით და მოფერებით "ტკიპა" დავარქვითო, იხსენებს ქეთი.

საბედნიეროდ, 2-კვირიანმა მკურნალობა შედეგი გამოიღო და ცხოველი ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ქეთი კი იმედოვნებს, რომ მალე კიდევ ერთ პოზიტიურ პოსტს დადებს და გვახარებს, რომ პატარასთვის მოსიყვარულე პატრონიც იპოვა.

"შემდეგი ოცნების პოსტი ისაა, საუკეთესო პატრონზე როა უკვე გაჩუქებული და ფუფუნებაში რომ იხრჩობა", — წერს ის ფეისბუქზე და ასევე ამბობს, რომ ყველა პროცედურა და სერვისი რაც ძაღლმა მიიღო და ამჟამადაც იღებს, არის ადამიანების გაერთიანების დამსახურება და რომ სხვანაირად მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.