ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე გამოსვლა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ბიომრავალფეროვნებასა და კლიმატურ ცვლილებებზე საუბარი კომიკურია.

"პრეზიდენტი, რომელიც არ სვამს გლობალურ კონტექსტში იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, მას არ უსაუბრია ეთნიკურ წმენდაზე, მას არ გამოუყენებია ეს ტრიბუნა, რომ კონკრეტულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე ესაუბრა. მაგალითად, ოთხოზორიას მკვლელობაზე, იქ ისხდნენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, ვინც ხელს აფარებდნენ მკვლელს. სწორედ ასეთი ტრიბუნები გამოიყენება ასეთი წნეხისთვის. მას არ ჰქონია ხედვა და არ უთქვამს, რა უნდა თავისუფალი სამყაროსგან საქართველოს, რატომ უნდა", — თქვა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ამ გამოსვლით დატოვა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საფრთხე კი არაა საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის, ზოგადად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, არამედ, რაღაც პრობლემებია.

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გუშინ, 25 სექტემბერს გამოვიდა:

"საქართველო, ისევე, როგორც აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყანა, აწყდება გლობალურ სირთულეებს, რომლებიც დღევანდელი სამყაროსთვის დიდი გამოწვევაა. ესენია: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების გაუარესება, საყოველთაო ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა, სიღარიბის, უმუშევრობისა და სხვადასხვაგვარი უთანასწორობის დაძლევა".

მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე.