საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ძირითადად მშვიდობიან, გაუმჯობესებულ, თუმცა არასრულყოფილ პროცესად აფასებენ.

IRI-ს პრეზიდენტის მაკ გრინის გაცხადებით საჭიროა გადაიდგას ბევრად მეტი ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ არჩევნების პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს:

"მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ არჩევნების სრული პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად."

IRI გასცემს რეკომენდაციებს ცესკოსა და სახელმწიფოს მიმართ:

  • ცესკომ უნდა გადახედოს საარჩევნო უბნებისთვის ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას.
  • ცესკომ უნდა უზრუნველყოს უკეთესი გარემო შშმ პირებისა და ხანდაზმული ამომრჩევლების საჭიროებების 100 პროცენტით უზრუნველსაყოფად.
  • ცესკომ უნდა გააუმჯობესოს დაცვის პროცესი უბნებზე, იმისათვის, რომ გაიზარდოს პროცესის ეფექტურობა, გამჭვირვალობა და შემცირდეს დათვლის პროცესის ხანგრძლივობა.
  • საქართველოს პარლამენტმა ღრმად უნდა შეისწავლოს და შედეგად გააუმჯობესოს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
  • ცესკომ უნდა გააფართოვოს ტერიტორია, რომელზეც შეუძლებელი იქნება არჩევნების დღეს აგიტაცია.

ანგარიშში მოხვდა ქალთა ჩართულობის საკითხიც. IRI მიიჩნევს, რომ მცირე წინსვლა ამ კუთხით არის, თუმცა საჭიროა ქალთა გაცილებით მეტი ჩართულობა:

"მიმდინარე არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაახლოებით 70 პროცენტი ქალები არიან. თუმცა ამავდროულად, 911 მაჟორიტარობის კანდიდატიდან ქალი მხოლოდ 155-ია. ხოლო პროპორციულ სიებში ჯამურად ყველა პარტიისთვის წარდგენილ ქალთა რაოდენობა შეადგენს 1 330, მაშინ როდესაც სიების სრული რაოდენობა 3 590-ია."

IRI-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯუდი ვან რესტმა თქვა:

"ქართველი ქალები შეუცვლელები არიან საარჩევნო პროცესის წარმართვაში. წარმოიდგინეთ მათი ეფექტურობა, თუ ისინი მეტად იქნებიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებზე. ეს უნდა გახდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი."

IRI-ს ანგარიში ეყრდნობა მოკლევადიანი და გრძელვადიანი დამკვირვებლებისგან შემდგარი 20 ჯგუფის მიგნებებს.